რკინიგზაში დღეს გაფიცვა იგეგმება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 10.00 საათიდან შეწყდება როგორც ტვირთების გადაზიდვა, ისე მგზავრების გადაყვანა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, შპს "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობა ორი კვირაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას თავს არიდებს და აცხადებს, რომ კომპანია რკინიგზელების მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს.
რკინიგზელები ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემას სთხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" სპეციალურ განცხდებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავზობთ:
"მიმდინარე წელს, თანამშრომელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, გაიზარდა ღამის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი დროის ანაზღაურება, რაც 3500-ზე მეტ თანამშრომელზე გავრცელდა. მიმდინარეობს მუშაობა სახელფასო ბადეზე. აღნიშნული პროექტების ფარგლებში მოხდა ძირითად პროფესიებზე ხელფასის მატება. ბოლო კალენდარული წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურება გაიზარდა 30 მილიონი ლარით და სახელფასო სარგო გაეზარდა დასაქმებულთა 80%.
უკვე არსებულ ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტთან ერთად, ამოქმედდა კრიტიკული დაავადებების (კარდიოქირურგია, ონკოლოგია) დაფინანსების პროგრამა. ამ პროგრამით მსგავსი შემთხვევების დადგომისას, კომპანია რკინიგზელებსა და მათ ოჯახის წევრებზე გასცემს 6000 ლარამდე ფულად დახმარებას. დღეისათვის ასეთი დახმარებით ისარგებლა 50-ზე მეტმა თანამშრომელმა და გაცემულია 300 000 ლარზე მეტი.
გავითვალისწინეთ რა მზარდი მოთხოვნა უმაღლეს განათლებაზე, ხაშურსა და სამტრედიის სასწავლო ცენტრებში ვახორციელებთ აბიტურიენტთა უფასო სწავლებას უნარჩვევებსა და უცხო ენებში.
ამოქმედდა რკინიგზელთა შვილების წახალისების პროგრამა-თითოეულ წარჩინებით სკოლადამთავრებულს გადაეცემა ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
მოქმედებს პროფესიული განათლების უწყვეტობის წამახალისებელი პროექტი - რკინიგზის თანამშრომლებს უფინანსდებათ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლების საფასური, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში.
ლოიალურობის პროგრამით საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 200-ლარიანი, ბავშვის დაბადებისას 500-ლარიანი, ხოლო პირველ კლასში წასვლისას 50-ლარიანი ფულადი დახმარება გაიცემა. შვებულებაში და პირველად პენსიაზე გასვლისას გაიცემა დანამატები შრომითი სტაჟის მიხედვით. ასევე გაიცემა ყოველთვიური დახმარება ვეტერან რკინიგზელებზე 2500 ლარის ოდენობით.
მიმდინარეობს სტრუქტურულ ერთეულებში შრომის პირობების (სანკვანძები, საშხაპეები) მოწესრიგების პროცესი. კომპანია მუშაობს არსებული სამუშაო იარაღებისა და სპეც.ტანსაცმელის უფრო ხარისხიანით ჩანაცვლებაზე.
საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს მუშაობა სოციალური, შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. ამ მიზნების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია ინტენსიური დიალოგი საიმედო სოციალურ პარტნიორთან, ასეთად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან ურთიერთობა გვესახება.
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სისტემატურ დიალოგს აწარმოებდა ორივე, დღეისათვის დარეგისტრირებულ პროფკავშირთან, აქტიური განხილვების შედეგად მათ გადაეცათ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტები, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული თანამშრომელთა ინტერესები. თუმცა, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რადიკალური მოთხოვნების დაყენებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკების პროცესი, კერძოდ:
- მათ მიერ არ იქნა განხილული შეთავაზებული პროექტი წლიური შედეგების მიხედვით თანამშრომელთა პრემიების შესახებ;
- უარყოფილ იქნა ზედმეტად ნამუშევარი საათების დასვენების დღეებით ჩანაცვლების შეთავაზება - აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია ახალი შრომის კოდექსის მოთხოვნებთან;
-რაც შეეხება თანრიგების დაწესებას, ასევე სტაჟისა და დამსახურების მიხედვით თანამშრომელთა ანაზღაურებას, რკინიგზის ახალი პროფკავშირებისათვის ცნობილია, რომ აღნიშნული კომპლექსურად განიხილება ახალი სახელფასო ბადის დაწესების ფარგლებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რკინიზელთა ახალი პროფკავშირების ქმედება კომპანიის მიერ აღქმულია, როგორც გარედან კონტროლირებადი, მიმართული ცალკეული ლიდერების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ცოტა აქვს საერთო რკინიგზის თანამშრომელთა ინტერესების დაცვასთან.
მსგავსი დექსტრუქციული ქმედებები საფრთხეს უქმნიან რკინიგზის იმიჯს და მზარდი ტვირთნაკადის პირობებში უარყოფითად მოქმედებენ სატრანსპორტო დერეფნის საიმედოობის აღქმაზე.
"საქართველოს რკინიგზა" გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს მოლაპარაკებები ნებისმიერ მხარესთან, მათგან ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.
"საქართველოს რკინიგზა" ამ დროისთვის შეფერხებების გარეშე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები