ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილმა 22 მილიონ 715 ათასი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მიღების დროს, 19 მილიონ 715 ათასი ლარით განისაზღვა, რამაც წლის ბოლოსთვის 35 მილიონ ლარს მიაღწია.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ზუგდიდის გამგეობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს, 19 ნოემბერს გამოქვეყნდა.
მომდევნო წელს, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრიორიტეტული იქნება: განათლება, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, კულტურა და სპორტი, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, საგანგებო სიტუაციების მართვა, ქალაქის დასუფთავება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში არსებითი ცვლილება განათლების მუხლში შეინიშნება, რაც უფასო ბაღების პროგრამით არის განპირობებული.
სკოლამდელი აღზრდის პროგრამის დასაფინანსებლად, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, 1 მილიონ 620 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მომდევნო წელს ამ პროგრამისთვის 2 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყოფა.
ზუგდიდის 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განმარტების ბარათში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებს უთმობს.
„ნიშანდობლივია, რომ 2010 წელს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 641.7 ათასი ლარი იყო გამოიყო, 2011 წელს 732.9 ათასი ლარი, 2012 წელს 944.2 ათასი ლარი, 2013 წელს 1158.0 ათასი ლარი, ხოლო 2014 წლის პროექტი ითვალისწინებს 1340.0 ათასი ლარის გამოყოფას“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განმარტების ბარათში.
ამასთან, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის სფეროში ცვლილებები შედის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლებისათვის მომდევნო წელს კიდევ ერთი უფასო სასადილო, სავარაუდოდ კომბინატის ტერიტორიაზე, გაიხსნება.
რაც შეეხება ე.წ. 100 ლარიან ერთჯერად დახმარებას, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებდენ, გაუქმდა. თუმცა, როგორც პრიორიტეტების განმარტების ბარათშია ნათქვამი, ნაცვლად ამ დახმარებისა დაფინანსდება სხვა სოციალური პროექტები.
„აღნიშნული პროექტები იქნება თავშესაფარის არმქონე ბენეფიციარებისათვის სოციალური საცხოვრისის, დაგეგმარების სოციალური საწარმოების, შშმ პირთა ხელშეწყობის, გენდერული საკითხების, უფასო გამოკვლევების ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ხელშეწყობის თაობაზე. პროგრამები განხორციელება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის სრული დაფინანსებით ისე თანადაფინანსების პრინციპით“, აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება სტუდენტთა შეღავათიანი მგზავრობის პროგრამა მუნიციპალური ტრანსპორტით.
კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებათა დასაფინანსებლად პროექტი სულ 4 მილიონ 464 ათასი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აქედან, სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია 1 მილიონ 820 ათასი ლარი, ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებისათვის 65 ათასი ლარი, სამუსიკო და საგუნდო სკოლებისთვის კი 400 ათასი ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 65 ათასი ლარით არის გაზრდილი.
კულტურული ღონისძიებათა დაფინანსება გათვალისწინებულია 350 ათასი ლარის მოცულობით. აქედან შ. დადიანის სახელმწიფო თეატრისათვის 297 ათასი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
დასუფთავების პროგრამა 1 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, 30 ათასი ლარით გაიზრდება.
კეთილმოწყობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის პროგრამისთვის 1 მილიონ 500 ათასი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
2014 წლის ბიუჯეტიდან, გარე განათების ქსელის მოწყობისთვის 1 მილიონ 100 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება. აქედან 900 ათასი ლარი შეადგენს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარგით საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის 2 მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება, თავდაცვის სფეროს სამხედრო სამსახურის შენახვის, წვევამდელთა აღრიცხვის გაწერის, გაწვევის ღონისძიებებისათვის გამოყოფილია 270 ათასი ლარი.
ცნობისთვის, ზუგდიდის 2014 წლის ბიუჯეტზე მუშაობა გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები