დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი, ჭაბუკა გეთია სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების გამო დააკავეს. მისივე თქმით, გეთია სამართალდამცავებმა თბილისი-ზუგდიდის გზაზე 12 სექტემბერს აიყვანეს. მიქაიას ინფორმაციით, ნარკოტიკი, რომელიც გეთიას ჰქონდა ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის იყო განკუთვნილი.
ამასთან, კახა მიქაია ზუგდიდის მერიას და პროკურატურას აფრთხილებს, რომ ჭაბუკა გეთიაზე ზეწოლა არ განხორციელდეს.
„მე მინდა დადგინდეს: რას სთავაზობდა პოლიცია გეთიას და ვისთვის მიჰქონდა მას ნარკოტიკი“,- აღნიშნა კახა მიქაიამ.
ქალაქ ზუგდიდის მერია ყოფილი თანამშრომლის, ჭაბუკა გეთიას დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
„მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაგირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ჭაბუკა გეთია ამჟამად მერიის თანამშრომელი არ არის. შესაბამისად, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ გეთიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რაც გვაძლევს რწმენას, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს“, - აცხადებს მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღუბელაძე.
მასალის გამოყენების პირობები