დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ კვოტით გასულმა დეპუტატმა კახა მიქაიამ ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორაიას წერილი დახია.
კახა მიქაიას განმარტებით, მან გამგებელს კონკრეტული კითხვებით მიმართა, თუმცა მისგან ზოგადი პასუხები მიიღო. მისივე თქმით, ის გამგეობისგან, საჯარო ინფორმაციის სახით, ითხოვდა პასუხს, იყო თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გამგეობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის.
„გამგეობას რამდენჯერმე მივმართე კონკრეტული კითხვებით. ვითხოვდი ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შემოწმების ოქმებს, მითხრეს არქივშიაო. ბოლოს მოვითხოვე, იყო თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გამგეობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის. კონკრეტული შეკითხვებით მივმართე ბატონ თოლორაიას, მან კი ზოგადი პასუხებით გამისტუმრა“, - თქვა კახა მიქაიამ.
ასევე, მიქაია კვლავ გეგმავს ანალოგიური კითხვებით მიმართოს გამგეობას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ კახა მიქაიას ყველა წერილისთვის პასუხი უკვე გაცემულია.
„კახა მიქაიას მიერ მიღებული წერილები უკვე დაარქივებულია. ვეძებთ მას და როგორც კი მასალებს მოვიძიებთ, გაგცემთ კონკრეტულ პასუხს“, - განუცხადეს რადიო „ათინათს“ გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები