დღეს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების ერთი მოწმე დაკითხა. რაც შეეხება კვიციანის სააქმის მთავარ მოწმეს,ირაკლი ოქრუაშვილს,ის დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადებულა,რამაც განსასჯელისა და მისი ადვოკატების გულისწყრომა გამოიწვია.
პროკურორმა თენგიზ ხარებავამ სასამართლოს განუმარტა,პირადად ირაკლი ოქრუაშვილითვის დაკითხვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა და უწყება მის მეუღლეს მხოლოდ 21 რიცხვში გადაეცა.
მათივე განმარტებით, ოქრუაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მან 19 ოქტომბერს გადაკვეთა. აქედან გამომდინარე,ბრალდების მხარემ სასამართლოს ოქრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართა.
პროკურორების შუამდგომლობას განსასჯელის ადვოკატები არ დაეთანხმნენ და ოქრუაშვილის იძულებითი წესით ჩამოყვანა მოითხოვეს.
კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილს მფარველობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს შეგნებულად არ მოჰყავს ოქრუაშვილი პორცესზე, რადგან მათ ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ბევრი უხერხული კითხვა აქვთ.
მოსამართლე შოთა ბიჭიამ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ თუ მომდევნო პროცესებზე ოქრუაშვილის დაკითხვა ვერ მოხერხდება, მის ჩვენებას გაასაჯაროებენ.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას,ოქრუაშვილის იძულებითი წესით ჩამოყვანასთან დაკავშირებით, მოსამართლემ განაცხადა,რომ სასამართლოს მოცემულ მომენტში ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნება, ვიდეო და აუდიო მასალის სახით, ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის ბრალდებით იყო ძებნილი. კოდორში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ბატალიონ “მონადირეს” გაუქმება.რასაც მისი ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის დაუმორჩილებლობის გამოცხადება მოჰყვა.თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი “მონადირე” ხეობაში 1994 წლიდან არსებობდა.
კოდორის ხეობაში სპეცოპერაციასერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა,ხოლო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა. სპეცოპრეაციის შემდეგ კვიციანმა თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა. მაშინ კვიციანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. სამართალდამცავებმა ემზარ კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის 22 თებერვალს დააკავეს. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის თავისი რაზმით ხეობას იცავდა.
ამასთან, კვიციანი ამბობს, რომ მას 1994 წელს გაფორმებული ოთმხრივი ხელშეკრულების დარღვევა არ სურდა, რომელიც ხეობაში ჯარის შეყვანას კრძალავდა და რომელსაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად ხელი გაერომ და აფხაზეთმაც მოაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები