ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კახა მიქაია დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ადგილზე სასტუმრო აშენდება დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღი დაიფარება.
ამასთან, მიქაია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს პირად კონტროლზე აიყვანოს ზემოაღნიშნული საქმე.
დეპუტატის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ზუგდიდში ალექსანდე ხარებავას ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებმაც ადგილობრივ ხელიუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოს.
„როგორც ვიცი, თითქმის გადაწყდა სასტუმროს მშენებლობა“, - თქვა კახა მიქაიამ.
დეპუტატ კახა მიქაიას განცხადებას უარყოფს ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და ამბობს, რომ ინვესტორებთან დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მერის თქმით, ინვესტორები ზუგდიდში ნამდვილად იმყოფებოდნენ და ისინი ზუგდიდში ღვნის სახლის მშენებლობას გეგმავენ.
„განმუხურში და ანაკლიაშიც ვიყავით, შესაძლებელია ინვესტიციები ჩაიდოს. ასევე, დავათვალიერეთ ბოტანიკური ბაღი. შეიძლება ბოტანიკურ ბაღს და მუზეუმს დაეხმარონ. კონკრეტულად, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა“, - თქვა ირაკლი გოგოხიამ.
დაახლოებით, ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია ლევან ქარდავაზე იყო გაყიდული.
ქარდავა ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია. იგი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 995 კვადრატულმეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. დეპუტატმა მაშინ რადიო „ათინათს“უთხრა, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორია აუქციონის წესით შეიძინა და იქ სამსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, რომელიც უკრაინაში არსებული დადიანების სასახლის ასლი იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები