საშობაოდ კიდევ ერთი სურპრიზი გველის! ჯიმ პარსონსი ცნობილი “ელფის” ანიმაციურ ვერსიად მოგვევლინება და ბადის გაახმოვანებს. შეგახსენებთ, რომ საუბარია 2003 წლის “ელფზე”, რომელშიც უილ ფარელი მონაწილეობდა და, ასევე, ბროდვეის მუზიკლზე “ელფი: მუზიკლი”.
უკვე ცნობილია, რომ ახალი ანიმაცია 16 დეკემბერს გამოვა და საახალწლო დღეებს თავის ელფერს შესძენს. სიუჟეტი მოგვიყვება, როგორ მიემგზავრება ბადი ნიუ-იორკში ნამდვილი მამის გასაცნობად და როგორ ცვლის ყველა შემხვედრის ცხოვრებას. ვერშემდგარი ელფი ახერხებს, რომ რწმენადაკარგულ ადამიანებს ჯადოსნური სასწაულების არსებობა დააჯეროს და გაერთიანებული რწმენით თოვლის ბაბუასა და მის ეტლს ფრენის საშუალება მისცეს. ანიმაციაში ცხრა ცნობილი საშობაო სიმღერა შევა, “Happy All the Time”-ის, “A Christmas Song”-ისა და “Nobody Cares About Santa Claus”-ის ჩათვლით.
გარდა ჯიმ პარსონსისა, სხვადასხვა პერსონაჟს გაახმოვანებენ: მარკ ჰამილი, ედ ასნერი, ფრედ არმისენი, ჯეი ლენო, მეტ ლოერი, ჟილბერტ გოტფრიდი, კეიტ მიკუჩი, რეიჩელ მაკფარლეინი, მაქს ჩარლზი და სტივ ჰიგინსი. “ელფის” რეჟისორები მარკ კაბალერო და სიმუს უოლში იქნებიან. სცენარზე კი თომას მიჰენი, ბობ მარტინი, აარონ ჰორვათი და მაიკლ ჯელენიკი იზრუნებენ.
მასალის გამოყენების პირობები