ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია მოქალაქეებს საკრებულოს სხდომების დასწრებისკენ მოუწოდებს. ის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავს, უფრო მეტად დაინტერესდნენ საკრებულოს სხდომებით.
“ყველა მოსაზრება, წინადადება, იდეა, რჩევა, შენიშვნა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, შესაძლოა, იქნეს გათვალისწინებული საკრებულოს წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მიერ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაუშვებთ ამ შანს და შესაძლებლობას ხელიდან , აქტიურად იყოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულნი”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ ორშაბათს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი საფინანსო-საბიუჯეტო და სარეზერვო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა ფარცვანიამ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, ქალაქის მერიამ ბიუჯეტი საკრებულოს, კანონმდებლობის შესაბამისად , 15 ნოემბრამდე გადაუგზავნა. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 14 ნოემბერს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები