ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ყოფილი ბაგა- ბაღის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უკვე 22 წელია გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
უბილავების ოჯახის დიასახლისის ლია ელიავას განმარტებით, სახლი სადაც ის ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგანაც შენობა ამორტიზირებულია. დევნილთა სამმართველოდან მათ არაერთხელ მიაკითხეს და საცხოვრებელი სახლიც რამდენჯერმე აღუწერეს,თუმცა სოციალურმა სააგენტომ მათ მაღალი ქულა მიანიჭა.
ჟურნალისტების კითხვაზე ,თუ რატომ არ ეძლევათ დევნილებს სოციალური დახმარება, ისინი მიზეზად კრედიტით შეძენილ ტელევიზორს და მაცივარს ასახელებენ , რის გამოც მათ საცხოვრებელ სახლს მაღალი ქულა მიენიჭა. უბილავების ოჯახმა ორი თვის წინ დახმარებით სამოქალაქო მოძრაობა„სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენლობას მიმართა, რათა მათ შუამდგომლობა გაეწიათ როგორც დევნილთა და განსახლების სამმართველოს წარმომადგენლებთან , ასევე სოციალურ სამსახურში ,თუმცა უშედეგოდ. დევნილები დღემდე დახმარების გარეშე რჩებიან. "სამეგრელოს ხმის" წარმომადგენელ თეონა ქარდავას განცხადებით, სოც. უზრუნველყოფის სამსახურში უბილავების სახელით საჩივარი უკვე შეტანილია და პასუხს რამდენიმე დღეში ელოდებიან.
იმავე ჩასახლების ეზოში მცხოვრებ ჯეირან გუდაბანძის ოჯახს გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო ოთხი წლის წინ ორი და ოთხი წლის შვილი გარდაეცვალა. ამჟამად მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მიუხედავად მისი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, სოციალური დახმარება არ ეძლევა. რადიო „ათინათის“ კითხვაზე თუ რატომ არ ეძლევა ოჯახს სოციალური დახმარება, ჯეირან გუდაბანძე მიზეზად ევროკავშირის მიერ ნაჩუქარ ავეჯს ასახელებს, რის გამოც სოციალურმა სამსახურმა მისი საცხოვრებელი სახლი მაღალი ქულებით შეაფასა.
ზუგდიდის დევნილთა სამმართველოში ამ ოჯახების მდგომარეობა ცნობილია, თუმცა , მათთვისაც გაუგებარია თუ რატომ არ ეძლევათ დევნილებს სოციალური დახმარება. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით მათ უზრუნველყოფას, დევნილთა სამმართველოში განმარტავენ, რომ უბილავებისა და გუდაბანძეების ოჯახებმა სააპლიკაციო ფორმა უკვე შეავსეს და ისინი უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდებიან.
მასალის გამოყენების პირობები