სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში ახალაიების ოჯახის დაყაჩარების ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარს სამართალდამცავების დაცინვა უწოდა. ჯგუშიას განცხადებით, აღნიშნულზე პასუხი, სამართალდამცავებთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასაც მოეთხოვება.
"აბა ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი? შერიფებს და პროკურორებს ჩვენთან არ ირჩევენ. პასუხი უნდა მოვთხოვოთ საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერს და გუბერნატორს, რომ ის სიმშვიდე, რომელსაც გადასახადების გადახდით ვუკვეთავთ იყოს დაცული. ესენი სამართალდამცავებს კედელთან უნდა აყენებდნენ და საზოგადობრივი წესრიგის დაცვაზე პასაუხს უნდა თხოვდნენ ", - აღნიშნა თენგიზ ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, თენგიზ ჯგუშია ნარკოტიკების შემოდინებისა და კონტრაბანდის გაზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დანაშაულებრივ ქმედებებს ხელს სამართალდამცავი სტრუქტურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აფარებენ.
ჯგუშია სამართალდამცავ ორგანოების ხელმძღვანელებს ახალაიების ოჯახის დაყაჩაღების საქმის გამოძიებისა და დამნაშავეების გამოვლენისთვის ერთ კვირას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თანამდებობებიდან გადადგომის მოთხოვნით, აქციებით იმუქრება.
ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ "სამეგრელოს ხმის" ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს არ უპასუხეს. თუმცა, მერიისა და საკრებულოს საზაოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამართალდამცავების დაბარება და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია კი, როგორც ჟურნალისტებს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გუბერნატორთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა გუბერნიის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ზემოაღნისნულ საკითხებთან დაკავშირებით, გუბერნატორმა რაიმე სახით განცხადება გააკეთოს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, 24 ნოემბერს სამმა შეიარებულმა პირმა რუსთაველის გამზირზე მცხოვრები ახალაიების ოჯახი დააყაჩაღა და ოჯახის წევრები სასტიკად სცემა. დაზარალებული როლანდ ახალაიას შვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ისინი იარაღის კონდახებით სცემეს.
როლანდ ახალაია ზუგდიდში ერთ-ერთი ვალუტის გადასახურდავებელი ობიექტის მეპატრონეა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი თბილისში სამკურნალოდ მოდიოდა და სახლში რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა, რაც მძარცველებისთვის ცნობილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები