რუბრიკები
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ერგეტაში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ-მდე VIII-VII საუკუნის ხის კონსტრუქციის აკლდამა აღმოაჩინეს. აკლდამაში კი ოქროს რგოლები, სარდიონის მძივები, სამაჯურები, სატევრები და კოლხური ცულები იყო შემონახული. აღმოჩენილი ნივთები ზუგდიდის მუზეუმს მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა.
“აკლდამის კონსტრუქციები აქამდე არსად არ ყოფილა ნაპოვნი. აქ არის ვერტიკალურად ჩარჭობილი ხის ფიცრებით შემოღობილი აკლდამა, რომელსაც ასევე აქვს ხის იატაკი. ხის იატაკის აღმოჩენა პირველი შემთხვევაა. აკლდამის ზევით იყო საკმაოდ ბევრი ნივთი. მათ შორის ტყვიისა და ოქროს რგოლები და სამკაულები”, – თქვა არქეოლოგიური ექსპედიიციის ხელმძღვანელმა რევაზ პაპუაშვილმა.
ზუგდიდის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯიქიას განმარტებით, გერმანიაში ცალკეულ ნიმუშებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და დადგინდა, რომ აღნიშნული ძეგლი ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.
კოლხური სამაროვანი, სადაც ამჟამად არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, შპს „ჯორჯექსის“ კერძო საკუთრებაშია. შპს-ს წარმომადგენლის რუბენ წურწუმიას თქმით, აღმოჩენა მათთვის მოულოდნელი იყო და არქეოლოგებს მომავალშიც სიამოვნებით უმასპინძლებენ.
სოფელ ერგეტაში არქეოლოგიური გათხრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 ათასი ლარი გამოიყო.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები