მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებული დეტალები ცნობილია. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.
სეზონის გახსნის ცერემონიალზე როგორც სპორტული, ასევე კულტურული აქტივობები იგეგმება. ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება შეჯიბრი პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეთა შორის. გამარჯვებულები კი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ასევე, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივით გათამაშდება თეზო ჯაფარიძის სახელობის გარდამავალი „ზურულდის თასი“ პროფესიონალ მოთხილამურეთა შორის.ზამთრის სეზონის გახსნის დასკვნითი, კულტურული ნაწილი მესტიის ცენტრში გაიმართება.
ცნობილია, რომ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე სპორტული შეჯიბრი ორ ნაწილად გაიყოფა: პირველი, ანუ პროფესიონალური შეჯიბრი (85 მონაწილე), 08:00-11:00 შუალედში ჩატარდება, ხოლო სამოყვარულო შეჯიბრი (40 მონაწილე) კი - 12:00-16:00 შუალედში. დამატებითი სანახაობის შესაქმნელად, დღის დასასრულს, გაიმართება ჯგუფური საჩვენებელი დაშვება ფერადი კვამლით (16:00 საათზე), რაც შემდეგში გაშუქდება და ჩაიდება მესტიის საიმიჯო რგოლში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ასოციაცია ზამთრის სეზონის გახსნაზე გადაიღებს. სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ მესტიის ცენტრში არსებული პარკი საახალწლო განათებით მოირთვება, პარკის ტერიტორიაზე კი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, მოეწყობა საკვების კუთხეები ხის დახლებითა და საახალწლო მორთულობით, სადაც დარიგდება სვანური ტრადიციული საჭმელი: კუბდარი, ფეტვის ხაჭაპური, თაშმიჯაბი; იქნება ხელნაკეთი ნივთების კუთხეც, სადაც მსურველებს ექნებათ იქვე ყიდვის საშუალება; იარსებებს სასმელის (ჩაი/ყავა/გლინტვეინი/ცხელი შოკოლადი) და დესერტების სივრცე (მურაბა/შემწვარი ვაშლი კარამელით/ ნამცხვარი).19:00 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება, რომელსაც ფრანების გაშვების ცერემონია დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ ორივე ლოკაციაზე მასკოტი გიო იმოძრავებს და ადმინისრაციის ლოგოიან ბუშტებს დაარიგებს.
მესტიაში ზამთრის სეზონი 27 დეკემბერს გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები