ზუგდიდის განვითარების ცენტრის სტუდენტები და მსმენელები ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით სასწავლო ცენტრის 50-მდე მსმენელი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მივიდა.
ცენტრის ხელმძღვანელის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით, იგი დაფინანსებას როგორც მოქალაქე და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ითხოვს და არა როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საკრებულოს წევრები მოიწონებენ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ. პირველ რიგში, ძალიან მინდა, რომ იმ 1000-მდე ბავშვს, რომელიც ცენტრშია გაერთიანებული ,ჩემი პოლიტიკური პოზიცია არ შეეხოს",- თქვა საკრებულოს სხდომაზე ანა წითლიძემ.
წითლიძის განმარტებით, "თანამგზავრი" მოხალისეობრივი პროექტია, სადაც მოხალისე მასწავლებლები ფსიქოლოგიაზე, გენდერზე, ადამიანის უფლებებზე, სოფლის მეურნეობაზე, ბიზნესის ადმინისტრირებაზე გაკვეთილებს უცხო ენებზე ატარებენ. მისივე თქმით, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების "რეგიონალური განვითარების საერთაშორისო ცენტრი" და "მოძრაობა ზუგდიდი-დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის" ეგიდით ხორციელდება.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარიამ აღნიშნა,რომ სასწავლო ცენტრის არსებობა მისასალმებელია და საკითხის დადებითად გადაწყვეტას იმედოვნებს.
მასალის გამოყენების პირობები