დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან" თენგიზ ხარჩილავამ, საკრებულოს მუშაობის 6 თვის შედეგები შეაჯამა და მედიას ის შენიშვნები გააცნო, რომელიც მას თვითმმართველი ორგანოების მუშაობის მიმართ აქვს. დეპუტატის აზრით, საკრებულოს მუშაობაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, იყო პოზიტიური მოვლენები, თუმცა მისივე თქმით, ხელფასების გაზრდის ფაქტმა, " ყველა დადებითი მოვლენა გადაფარა". ხარჩილავას განცხადებით, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეების გაზრდილი ხელფასები, ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონთან მიმართებაში შეუსაბამოა.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის პირველი პირების, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავიანთი ხელფასების გაზრდაზე უარის თქმა - პოზიტიური მოვლენაა", - თქვა თენგიზ ხარჩილავამ.
გარდა ამისა, მან ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან აქვს პირობა, რომ წლის ბოლომდე სოციალურ მუხლში არსებული ნაშთი გაიხარჯება.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასები 20-დან 80%-მდე გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღო.
იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად, მხოლოდ სამსახურის უფროსებს, მთავარ და წამყვან სპეციალისტებს გაეზარდათ.
რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, სარიას თქმით, მათი ხელფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, ხოლო პირველი პირების, მერის დას აკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო საერთოდ არ გაზრდილა.
საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბათლომე შელიამ და „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელმა – თენგიზხარჩილავამ.
მასალის გამოყენების პირობები