კომპანია Microsoft-ი ახალ ბრაუზერზე მუშაობს, კოდური სახელწოდებით Spartan-ი, რომელსაც არ ექნება კავშირი Internet Explorer-ის ხაზთან.
ბაზარზე დიდი ხანია დადიოდა ხმები, რომ Microsoft-ი აპირებს მთლიანად შეცვალოს Internet Explorer-ი, მისი ახალი საოპერაციო პლატფორმის, Windows 10-ის გამოსვლის წინ. თუმცა, ამის ნაცვლად, ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა შექმნას სრულიად ახალი ბრაუზერი, რომელიც გარეგნულად Chrome-ს და Firefox-ს დაემსგავსება.
Windows 10-ის დესკტოპური ვერსიის მიწოდება ორი ბრაუზერით მოხდება - Internet Explorer 11-ით და Spartan-ით. Windows 10-ის მობილურ ვერსიაზე კი სავარაუდოდ მხოლოდ Spartan-ი დაყენდება. ეს მხოლოდ კოდური სახელწოდებაა და არ არის გამორიცხული, რომ გამოსვლისას ბრაუზერის სახელი შეიცვალოს.
ანალიტიკური სერვისის, StatCounter-ის მონაცემებით, ამ წლის ნოემბრისთვის, Internet Explorer-ი პოპულარობით მეორე ბრაუზერი იყო მსოფლიოში და მასზე მოდიოდა 19,6%-იანი საბაზრო წილი. ყველაზე პოპულარული კი Google Chrome-ია, რომლის საბაზრო წილი 48%-ს აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები