12 იანვარს, კინოთეატრ ამირანში გაიმართა რესტავრირებული “ნატვრის ხის” ჩვენება, რომელსაც საქართველოს და ესტონეთის პრემიერმინისტრები – ირაკლი ღარიბაშვილი და ტაავი როივასი დაესწრნენ. ჩვენებაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ ქართული კინოსექტორის წარმომადგენლები.
კლასიკადქცეული “ნატვრის ხის” აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა, თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თენგიზ აბულაძის მემორიალური მუზეუმის ინიციატივით და ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმს რესტავრაცია, ფერების და ხმის კორექცია ესტონეთში ჩაუტარდა. ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით, შეირჩა ყველაზე ოპტიმალური კომპანიაDigital Center,რომელიც დაფუძნებულია ესტონეთის კინოცენტრის, კინოარქივისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ. ის არის ევროპის მასშტაბით უახლესი ტექნოლოგიების ბაზის მქონე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია.
კინომემკვიდრეობის დაცვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი მხარდაჭერით ქართველი კლასიკოსების ფილმების აღდგენა ეტაპობრივად წლების მანძილზე ხორციელდება. 2014 წელს ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ელდარ შენგელაიას ფილმს „ცისფერი მთები”. ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე სექციაში Cannes Classic.
ბოლო წლების განმავლობაში კინოცენტრის მხარდაჭერით აღდგენილია თხუთმეტამდე ქართული ფილმი.
ავტორი:
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები