ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ვაკანტურ თანამდებებებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას თქმით, 187 ვაკანტური პოზიციიდან 159 თანამდებობაზე გამოვლინდა გამარჯვებული კანდიდატი, 19 პოზიციაზე ტესტირების ეტაპი ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა, ხოლო 9 პოზიციაზე, გასაუბრების შემდეგ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ამის შესახებ ლაშა გოგიამ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, შერჩეული კონკურსანტებიდან 42 ახალი კადრია, ხოლო 117 თანამშრომელი, დაკავებულ თანამდებობაზე დარჩა. მათ შორის, საკრებულოს აპარატში 21 პოზიციიდან, 20 -ზე მოქმედი თანამშრომლები დარჩნენ.
გარდა ამისა, კონკურსის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვერ შეირჩა. ლაშა გოგიას ცნობით, დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დღეს გაეგზავნებათ. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა-2 სამუშაო დღეა.
მასალის გამოყენების პირობები