Facebook–ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სოციალურმა ქსელმა 2014 წელს მსოფლიო ეკონომიკას 227 მილიარდი დოლარი შემატა. ასევე გაირკვა, რომ მან მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და ბიზნესის გახსნას შეუწყო ხელი.
კერძოდ, Deloitte & Touche–ის კვლევის თანახმად, გასულ წელს კომპანიის წყალობით მსოფლიოში 4,5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა Facebook–ში კომპანიების ექაუნტების შედეგები, ასევე მომხმარებლების მიერ თამაშებისა და მობილური აპლიკაციების გამოყენება. მკვლევარებმა ასევე მიიღეს მხედველობაში გაჯეტებსა და ინტერნეტზე წვდომის სერვისებზე მოთხოვნის გენერირება.
Reuters–ი შეფასების მექანიზმს ასე ხსნის: მაგალითად, თუ კომპანია Facebook–ის საშუალებით რეკლამას იკეთებს, მისი გაყიდვების ნაწილი სწორედ ამ რეკლამის საშუალებით ხორციელდება. კიდევ ერთ მაგალითად სააგენტოს მოყავს კამპანია ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის მკურნალობის მეთოდების კვლევის დასაფინანსებლად. შემოწირულობების საერთო მოცულობამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.
Facebook–ის მთავარი საოპერაციო დირექტორის შეჩრი სენდბერგის განცხადებით, კვლევის შედეგები უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიები სამუშაო ადგილებს მხოლოდ ტექნოლოგიურ სექტორში ქმნის და აქრობს მათ სამეურნეო საქმიანობის სხვა სფეროებში.
შედეგად, მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში უკვე მხოლოდ მსხვილი კომპანიები არ ქმნიან სამუშაო ადგილებს. 1,35 მილიარდი მომხმარებლის მქონე სოციალური ქსელი შესაძლოა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ნომერ მეორე სახელმწიფოდ მივიჩნიოთ. 2014 წლის მესამე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგებამ 806 მილიონი დოლარი შეადგინა. სოციალური ქსელის კაპიტალიზაციამ გასული წლის 9 თვის მონაცემებით 210 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები