ზუგდიდის განვითარების ცენტრის მოხალისე მასწავლებლები და მსმენელები ქალაქის თვითმმართველობისგან ფართის დაფინანსებას ითხოვენ.
მათ ამ თხოვნით ქალაქის საკრებულოს 22 დეკემბერს მიმართეს, ხოლო უარყოფითი პასუხი ქალაქის მერიისგან გუშინ, 20 იანვარს მიიღეს.
ფართის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას დღეს ისევ შეხვდა. ქვარაიასგან მიღებული პასუხი წითლიძემ ცენტრის მოსწავლეებს ჟურნალისტების თანდასწრებით გააცნო.
სასწავლო ცენტრი ფართის დაფინანსებისთვის 18 ათას ლარს ითხოვს .
ცენტრის ხელმძღვანელი ანა წითლიძე პროექტების განსახილველად და კომისიის შესაქმნელად გადაწყვეტილების მიღებას საკრებულოს 27 იანვრამდე სთხოვს.
"საკრებულოს თავმჯდომარემ მითხრა, რომ ისინი ამ საკითხს განიხილავენ. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ თხოვნით მივმართეთ საკრებულოს. ჩვენდა გასაკვირად პასუხი მერიამ მოგვწერა, რომელიც, პროცედურულად, არაფერ შუაში იყო. მერიამ მოგვწერა, რომ ქალაქის საკუთრებაში ფართი არ ჰქონდათ. ჩვენ კი არსებული ოფისის დაფინანსებას ვითხოვდით და არა ფართის გამოყოფას", - აღნიშნა ანა წითლიძემ.
სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკრებულომ გადაწყვეტილება 27 იანვრამდე თუ არ მიიღო, გაკვეთილებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ფოიეში ჩაატარებენ.
გარდა ამისა, სასწავლო ცენტრის მსმენელები სოციალურ ქსელში კამპანიას - "ჩვენ გვინდა ზუგდიდის განვითარების ცენტრი და გვაცადეთ სწავლა" - იწყებენ.
ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის განვითარების ცენტრთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მერიაში წერილი არა იჯარასთან, არამედ ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით იყო შესული.
"ჩვენ მივწერეთ, რომ მერია თავად განიცდის ფართის უკმარისობას და აქედან გამომდინარე უარი ვუთხარით. ამასთან, ეს საკითხი არის საკრებულოს კომპეტანცია და კომისიამ უნდა განიხილოს ვის დააფინანსებს ან ვის გაუწევს თანადაფინანსებას", - თქვა ირაკლი გოგოხიამ.
თავის მხრივ, ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ზუგდიდის განვითარების ცენტრის და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტებთან დაკავშირებით, მუშაობა დაწყებულია და კომისია უახლოეს მომავალში შეიქმნება.
"მინდა გითხრათ, რომ კომისია გარკვეული სოციალური ეფექტის მქონე პროექტებს დააფინანსებს და ამ მიმართულებით ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული. კომისია გეგმავს, რომ ეს თანხა მაქსიმალურად ეფექტურად დახარჯოს", - უთხრა ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ირაკლი ლაგვილავამ.
ზუგდიდის განვითარების ცენტრი დაახლოებით 1 წლის წინ დაარსდა და მას 1000-მდე მსმენელი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები