ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის განვითარების ცენტრის მოთხოვნას ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
"სამწუხაროდ,"ნაციონალური მოძრაობა" დღესაც იმას აკეთებს, რასაც წლების წინ აკეთებდა, ყოვლად მიუღებელია ახალგაზრდებით მანიპულირება. "ქართული ოცნება" და ხელისუფლება განათლების სფეროზე და ახალგაზრდების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძელით ადგილობრივ ბიუჯეტში გამოვძებნოთ ის თანხები,რომლებიც სწორედ ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებისთვის იქნება მიმართული“,- აცხადებს მერაბ ქვარაია.
საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც შეისწავლის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს თანადაფინანსების მოთხოვნის შესახებ. მისი თქმით, ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია სპეციალური თანხები. რაც შეეხება ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას, ქვარაის თქმით, ის კომისიის მიერ შესწავლილი და განხილული იქნება. "მუშაობის დასრულების შემდეგ კი დაიდება დასკვნა და გაირკვევა მოხდება თუ არა ამა თუ იმ ორგანიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება“- ამბობს ქვარაია.
ზუგდიდის განვითარების ცენტრი მოითხოვს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოფისის საფასურის დაფარვას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, „ზუგდიდის განვითარების ცენტრი“ 1000-მდე მოსწავლისთვის ლექციების ჩატარებას სამხარეო ადმინისტრაციის ფოიეში გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები