ასოციაცია "დეა" და "სამეგრელოს ქალთა მოძრაობა" ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის 10 თემში ახალ ინიციატივას იწყებს. აქციის - "შემოგვიერთდით, ჩვენ ერთად შევძლებთ" - მიზანია ქალთა და გოგონათა პრობლემების გამოვლენა, ქალთა უფლებების პოპულარიზაცია და წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა.
აქცია ავტომოგზაურობის სახით ტარდება. მისი მგზავრები არიან: ასოციცია "დეა" და ქალთა უფლებებზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. აქციის ფარგლებში მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები დაურიგდათ, სადაც ქართველი ქალია გამოსახული.
ავტომოგზაურები დღეს კონფლიქტისპირა სოფლებს - ორსანტიას, კოკსა და ანაკლიას სტუმრობდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც თავიანთი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. შეხვედრაზე, ძირითადად, სოფლის შიდა გზების და სასმელი წყლის პრობლემები გამოიკვეთა. ასევე, სოფელ კოკსა და ორსანტიაში მოქალაქეებმა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
"შეხვედრაზე მოქალაქეებს მოვუწოდებთ იყვნენ თანამონაწილეები ყველა იმ პროცესისა , რაც ხდება, რადგან მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე კარგი მმართველობის არსებობა შეუძლებელია", - თქვა ასოციაცია "დეას" აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ.
აქცია "შემოგვიერთდით, ჩვენ ერთად შევძლებთ", ასოციაცია "დეას" პროექტის "ქალების პოლიტიკური უფლებების დაცვის ხელშეწყობა" (დონორი ოქსფამ- დიდი ბრტანეთი) ფარგლებში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები