შპს "აკვაპარკის" დამფუძნებელმა მანანა მიქავამ ქალაქ ზუგდიდის მერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია კუთვნილი ქონების წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქმე ეხება ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკვაპარკისა და გასართობი ცენტრის მშენებლობას. ბიზნესმენმა მანანა მიქავამ მშენებლობის ვალდებულება ჯერ კიდევ 2008 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აიღო. მისი თქმით, მაშინ ეს ვალდებულება მან ვერ შეასრულა, რადგან დააპატიმრეს. მისივე განმარტებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა და წართმეული უფლებების დაბრუნება მოითხოვა.
გარდა ამისა, მანანა მიქავამ ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას წერილობით მიმართა. მერიამ მას მშენებლობის დასაწყებად 2 თვიანი ვადა მისცა, რომლის ამოწურვის შემდეგ, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას დაყადაღებული ქონება ჩამოერთმევა.
შპს „აკვაპარკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ და მაქვს სრული უფლება მოვითხოვო ,ირაკლი გოგოხიას განცხადების საფუძველზე, დაყადაღებული ქონება გამითავისუფლდეს და დამიბრუნდეს ჩემი უფლებები. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის უფლება მერიას არა აქვს, რადგან ის არ არის სამართალმემკვიდრე", - თქვა მანანა მიქავამ.
მიქავას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ქალაქის მერიასა და გუბერნიაში. იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის სანდრო სორდიას განმარტებით, მიქავას 9 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება არ შეუსრულებია. მისივე თქმით, მან აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტები განათავსა და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
"მსგავსი პრეტენზიების წამოყენების არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება მას არ გააჩნია. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ დარღვევის შემთხვევაში შეგვეძლო განგვესაზღვრა ვადა. ჩვენ მას ორთვიანი ვადა განვუსაზღვრეთ, რათა გამოესწორებინა დარღვევა და დაეწყო აკვაპარკის მშენებლობა“, - აღნიშნა სანდრო სორდიამ.
შპს "აკვაპარკის" დამფუძნებელი მანანა მიქავა აპირებს საქმის მასალები საქართველოს პრეზიდენტს, ახლანდელ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს გააცნოს.
მასალის გამოყენების პირობები