საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ზუგდიდში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
კომისიის მუშაობის პროცესში, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც (UNHCR, LAG - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო, „სამეგრელოს ხმა“) აქტიურად არიან ჩართულები. მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ამოწმებენ.
სოზარ სუბარმა ის ნგრევადი ობიექტებიც მოინახულა, საიდანაც სამინისტრო, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში, კრიტერიუმებით შერჩევის გარეშე გადაიყვანს. ეს ობიექტებია: ე.წ. კარავი, დოსააფის ჩასახლება, მე-12 ტრესტის შენობა, ინგირის ჩასახლება, ორსანტია, აღმაშენებლის N87-ში ე.წ. ბარაკები და მოსკოვის ქუჩა N5-ში სამშენებლო ტრესტი. ის დევნილი ოჯახები (70-80 ოჯახი), რომლებიც აღნიშნულ ობიექტებში მუდმივად ცხოვრობენ უპირობოდ დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.
ამასთან, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. ისინი ბინებს კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები