რუბრიკები
აფხაზეთში მღვიმეებში უკონტროლო ვიზიტები აიკრძალება
მომავალი წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში უკონტროლო შეშვება აიკრძალება. როგორც აფხაზური მედია წერს, მღვიმეებში სანქცირებულ შეშვებაზე საკითხი ეკოლოგებმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასვეს, სადაც მათმა წინადადებამ მხარდაჭერა მოიპოვა.
იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის მღვიმეების დამთვალიერებლები ძირითადად უცხოელი სპალეოლოგები არიან, ეს საკითხი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმდება."მომავალი წლიდან, აფხაზეთის მღვიმეებში უკონტროლო ვიზიტები აიკრძალება", - განაცხადა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ.
მისივე თქმით, მღვიმეების მონახულების მსურველებმა მინიმუმ 1 თვით ადრე უნდა მიმართონ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტს და უნდა წარადგინონ ექსპედიციის გეგმა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურს უნდა მიეწოდოს.
როგორც აფხაზი ეკოლოგები აცხადებენ, მღვიმეებზე კონტროლის დაწესება პირველ რიგში აუცილებელია როგორც მისი შენარჩუნებისთვის, ასევე დაბინძურებისგან დასაცავად, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს ადგილი ექსპედიციების დასრულების შემდეგ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები