ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას წიგნის “სოხუმი – ჩემი იერუსალიმი” პრეზენტაცია, შენობის გარეთ აქციის ფონზე მიმდინარეობდა. წიგნი დამსწრე საზოგადოებას ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა წარუდგინა.
შენობის ეზოში განთავსებული იყო ბაჩო ახალიას მიერ შექმნილი საბრძოლო ტექნიკის სურათები. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ,,თავისუფალი ზონის” წევრებმა გააკრეს ბანერები წარწერით: ,, მომავალ წელს სოხუმში ”, სოხუმი- ჩემი იერუსალიმი". პრეზენტაციას ესწრებოდნენ ,, ერთიანი ნაციონალური მოძრობის ” წევრებიც.
პარალელურად, შენობის გარეთ "საზოგადოებრივი დარბაზის" წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი იმ შენობაში შესვლას ცდილობენ, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რისი მიზეზიც მომიტინგეების მხრიდან კორდონის გარღვევის და იმ შენობაში შეჭრის მცდელობა გახდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებას მართავდა. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე და ერთი სამართალდამცველი, რომლებიც ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე ალექსანდრე მოლაშხია და მურთაზ ლაგვილავა, რომლებიც დასაკითხად ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. რაც შეეხება წიგნის პრეზენტაციას, ღონისძიება დარბაზში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები