რუბრიკები
დევნილებისთვის განკუთვნილ 32 კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება
ფოთში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორცილებს.
საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, 32 კორპუსის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის თხოვნით, საქართველოს მთავრობამ, დაახლოებით 2 მილიონ 400.000 ლარი გამოყო.
"წინა ხელისუფლების პირობებში უხარისხოდ აშენებული კორპუსების კედლები მუდმივად სველი იყო, კორპუსის საძირკველში წყალი დგებოდა, რაც მოსახლეობისთვის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ქმნიდა. საძირკველში არსებული წყალი კი მთლიანად კორპუსის დანგრევის საფრთხეს წარმოადგენდა", _ აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განცხადებით, ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 32 ახალი კორპუსის გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის აპრილში დასრულდება. რის შემდგომ, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ 1 168 ოჯახს არსებული პრობლემები სრულად მოუწესრიგდება. სამუშაოებზე 135 ადამიანია დასაქმებული, მათგან 65 კი ადგილობრივი მცხოვრებია.
სამინისტროს განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს "ჯავა" აწარმოებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები