საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და გასაუბრების ეტაპის დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. საიას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კომისია განსხვავებულ მიდგომას იჩენდა კონკურსში მონაწილე დროებით მოვალეობის შემსრულებლებისა და კონკურსში მონაწილე სხვა პირთა მიმართ.
"მოვალეობის შემსრულებლებს თითქმის ერთი და იგივე შინაარსის, რაოდენობისა და სირთულის კითხვებს უსვამდნენ, განსხვავებით კონკურსში მონაწილე სხვა პირებისგან. ამ უკანასკნელთ უფრო მეტ დროს უთმობდნენ და მეტ შეკითხვას აძლევდნენ. გასაუბრების დროს იყო შემთხვევები, როდესაც მონაწილე პირებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მონაწილე პირების ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო პირდაპირ კავშირში მათ პროფესიულ გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთან (მაგალითად: გათხოვილი ხართ? მარტო ზრდით შვილს? პატარები ბაღში დადიან? ვინმე გეხმარებათ შვილების აღზრდაში? თქვენი მეუღლე რა გვარია? უმცროსი შვილი რამდენი წლისაა? მეუღლე მუშაობს? და სხვა.). ამასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასაუბრების პროცესის აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, არ ხდებოდა პირის სათანადო წესით ინფორმირება. ცალკეულ შემთხვევებში, კომისიის წევრები ეხმარებოდნენ მონაწილე პირს პასუხის გაცემაში. თუ პირს არ ჰქონდა პასუხი დასმულ კითხვაზე, კომისიის წევრები უფრო მარტივად უყალიბებდნენ კითხვის შინაარს მონაწილეს, რათა მას კითხვაზე პასუხის გაცემა შეძლებოდა", - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და გასაუბრების ეტაპს ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დაკვირვების მიზანს გასაუბრების პროცესის საჯაროობის, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ატესტაციებისა და კონკურსებში მონაწილე პირთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები