წარმოგიდგენიათ მერილ სტრიპი როკერად? თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, მაშინ განსაკუთრებულად უნდა ელოდოთ ახალი სურათის “რიკი და ‘ფლეში'” პრემიერას, რომელშიც ლეგენდარული მსახიობი სწორედ რომ როკერის როლს მოირგებს. ოსკაროსანი მერილ სტრიპის პირველი ფოტო ახალ ამპლუაში უკვე გამოქვეყნდა:
“ჯუნოს” სცენარისტის, დიაბლო კოდის მიერ დაწერილი სიუჟეტი მომღერალსა და გიტარისტ რიკიზე მოგვითხრობს, რომელიც ჯგუფ “ფლეშის” წევრია და მისი ცხოვრების ერთადერთ მიზანსა და ოცნებას როკენროლის ვარსკვლავობა წარმოადგენს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას უქმნის პირადი ცხოვრების სარბიელზე.
როგორც გამომცემლობა People-ი იუწყება, ფილმში მერილ სტრიპის ქალიშვილიც მიიღებს მონაწილეობას. მეიმი გამერი სურათში კევინ კლაინსა და როკერ რიკ სპრინგფილდთან ერთად ითამაშებს. ჯონათან დემის ახალ ნამუშევარში სებასტიან სტენსა და ოდრა მაკდონალდსაც ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ მერილ სტრიპი ოსკარზე წელსაცაა წარდგენილი და ეს რიგით მე-19 და უნიკალური შემთხვევაა, როცა ამერიკული კინოაკადემია მზად არის, მსახიობს მთავარი ჯილდო გადასცეს. გახდება თუ არა მერილი კიდევ ერთი ოსკარის მფლობელი, 22 თებერვალს გავიგებთ.
მასალის გამოყენების პირობები