ჯენიფერ ლოურენსი Sony-ის ახალ დრამაში აპირებს მონაწილეობას. “მგზავრები” – ასე ერქმევა მორტენ ტილდუმის (“იმიტაციის თამაში”) ახალ ნამუშევარს, რომელიც კოსმოსში გაგვასეირნებს. სცენარს ჯონ სპეითსი დაწერს. დისტრიბუტორი კი, როგორც უკვე გითხარით, კომპანია “სონი” იქნება.
“მგზავრების ” სიუჟეტი მომავალ დროში განვითარდება და მოგვიყვება იმ ათასობით მგზავრზე, რომლებიც ახალი პლანეტისაკენ მიემართებიან. სწორედ აქ განვითარდება ძალიან უცნაური სასიყვარულო ურთიერთობა, რომლის დეტალებსაც ჯერჯერობით არ ამხელენ.
სურათის გარშემო დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვარაუდობდნენ, რომ ფილმში კიანუ რივზი შეასრულებდა მამაკაცის მთავარ როლს. ქალის პერსონაჟის განმასახიერებლად კი რიზ უიზერსპუნსა და რეიჩელ მაკადამსს მოიაზრებდნენ. ჯერჯერობით არც ერთი ვარაუდი ოფიციალურად არ დადასტურებულა. კომენტარი არც ჯენიფერს გაუკეთებია.
უცნობია გადაღებების დაწყებისა და საპრემიერო თარიღები. ყველა ახალ დეტალს უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.
მასალის გამოყენების პირობები