პირველი მარტიდან გალში მეგრულენოვანი ტელევიზია იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ რაიონის დე ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია ავრცელებს. მისი ცნობით, ახალი ტელეარხი ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე კეთდება. მისი სტუდია გალის ფოსტის შენობაში განთავსდება, მაუწყებლობა კი აფხაზურად, რუსულად და მეგრულად იქნება.
ამასთან, ნადარაიას ცნობით, ახალი არხის სიგნალი აფხაზეთთან ერთად მთელ დასავლეთ საქართველოს დაფარავს.
ლეგიტიმურ ხელისუფლებაში ეს ცნობა საეჭვოდ მიაჩნიათ, რადგანაც, მათი თქმით, გალში მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნაზე ადრეც ყოფილა განცხადებები, თუმცა საქმით არაფერი გაკეთებულა.
ლეგიტიმური ხელისუფლების სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბოლოს ასეთი განცხადება 2 წლის წინ იყო.
"ტელევიზიის გახსნაზე თქვეს, მაგრამ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ საუბარია. 2 წელია, აქ ვარ და არაფერია. ყოველთვის ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, თუმცა არ მგონია, რომ გააკეთონ. ჯერ ერთი, ტელევიზიის გაკეთება ძალიან ძვირადღირებულია. მეორე - სისულელეა, ვინ მივა მანდ სამუშაოდ?! არცერთი ქართველი არ მივა. ჯერჯერობით არაფერი მაგდაგვარი არ არის", - განაცხადა გოგოხიამ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ გალში მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნა კუთხური სეპარატიზმის გაღვივებაზეა გათვლილი.
"შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი თავის აგრესიულ პოლიტიკას აგრძლებს. მსგავსი პროექტი არსებობს, რომ აფხაზურ და რუსულენოვან ტელევიზიასთან ერთად მეგრულენოვანმა ტელევიზიამაც იარსებოს. ეს კუთხური სეპარატიზმის გაღვივებაზეა გათვლილი, რომ საქართველო სხვადსხვა რეგიონებად დაიხლიჩოს. ერთი სიტყვით, რუსეთის პოლიტიკა არის ისეთივე, როგორიც იყო ადრე. ძნელი სათქმელია, რაზე იქნება გადაცემები. ალბათ ისევ კოლხური კულტურის უნიკალურობაზე", - განაცხადა გვაზავამ.
"ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია "მთელ კვირასთან" საუბრისას ასეთი ტელევიზიის გახსნას ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა შეუძლებლად არ თვლის.
"ტელევიზიის გახსნაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ, თუმცა, ტექნიკურად ჯერ არ გახსნილა. ბევრი საკითხია, რომელზეც ტელევიზიის გახსნაა დამოკიდებული - ჯერ სატელევიზიო სიხშირე, მეგრულ ენაზე გადაცემების წაყვანა. გაზეთში უჭირდათ ინფორმაციების წერა მეგრულად და ტელევიზია უფრო რთულია. "შეუძლებელი არაფერია - შესაძლებელია, თუმცა დიდი ძალისხმევა სჭირდება. ვინ იმუშავებს, აფხაზი ხომ არ დაჯდება?! ქართველი კიდევ, რომელსაც მეგრული ესმის, იქ არ მივა. ვფიქრობ, გაუჭირდებათ", - განაცხადა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები