აფხაზეთის დე–ფაქტო ვიცე–პრემიერის შამილ აძინბას განცხადებით, აფხაზეთის მოქალაქეები 2015 წლის ბოლოსთვის ახალ პასპორტებს მიიღებენ, რომელსაც დაცვის მაღალი ხარისხი ექნება და რუსეთში დამზადდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,იტარ–ტასი“ ავრცელებს.
შამილ აძინბას ცნობით, ახალი პასპორტების გაცემა სამ თვეში დაიწყება, 2016 წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე კი პასპორტიზაციის პროცესი დასრულდება.
ე.წ. ვიცე–პრემიერის განცხადებით, 2005 წლიდან დღემდე, აფხაზური პასპორტი დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი შეცვლის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ 2014 წლის ზაფხულში აფხაზეთის საპასპორტო–სავიზო სამსახურმა გამოავლინა 22 787 ადამიანი, რომლებსაც პასპორტი კანონის დარღვევით გადაეცათ. საუბარია ძირითადად ქართველებზე, რომლებმაც აფხაზური პასპორტები მიიღეს და არ თქვეს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ორმაგი მოქალაქეობა აფხაზეთში მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან არის დაშვებული.
აძინბას განცხადებით, ის პირები, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეები არ არიან, თუმცა იქ ცხოვრობენ, მხოლოდ აფხაზეთში ცხოვრების უფლებას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები