შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აშშ-ს მიერ აფხაზეთთან მიმართებაში სავიზო პოლიტიკის შემსუბუქებას ეხებოდა, აფხაზური პროპაგანდა უწოდა.
"ჯობია, არამარტო აფხაზებს, არამედ ამერიკელებსაც მოვუსმინოთ, ვისზეც ეს დამოკიდებულია. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ ბიჭმა თქვას, მე იმ გოგოზე ვქორწინდებიო და ის გოგო აზრზე არ იყოს. ნუ გავხდებით მხოლოდ აფხაზეთის პროპაგანდის მძევალი", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა გაამარტივა სავიზო პოლიტიკა იმ აფხაზების მიმართ, რომლებიც აშშ-ში რუსეთის საელჩოს მიერ აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტებით მგზავრობენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაციის “სინერგია” მიწვევით იმყოფება. ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში მოქალაქეებს შეხვდა და კონფლიქტის თემაზე დისკუსია გამართა.
მასალის გამოყენების პირობები