ჰიუ ჯეკმანი აპირებს, რომ სამურავის როლი თავის აღსასრულამდე ითამაშოს. E! Online-თან ინტერვიუში ავსტრალიელი მსახიობი გამოტყდა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება ფილმის „ბერდმენი“ ყურების შემდეგ მიიღო.
„ვუთხარი ჩემს ცოლს: „მორალი ისაა, რომ ვალდებული ვარ სამურავი ვითამაშო. უნდა ვიპოვო საშუალება, რომ ეს როლი ჩემს უკანასკნელ დღეებამდე ვასრულო. გასაგებია, რომ ოდესმე შემცვლელს მიპოვნიან და ბედნიერი ვიქნები, თუ ასე მოხდება. როგორც მინიმუმ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს როლი ნამდვილად ღირებული გახდა“, – განაცხადა მან.
ჯეკმანის თქმით, ყოველ ახალ ფილმში, რომელიც სამურავს ეძღვნება, ის ილტვის, რომ უფრო და უფრო დაკუნთული იყოს.
„ყოველთვის ვცდილობ იმაზე უკეთეს ფორმაში ვიყო, ვიდრე წინა ფილმებში ვიყავი. უბრალოდ, მე არ მჯერა სტაგნაციის. ყოველ ჯერზე, როცა სამურავს ვთამაშობ, მინდა, რომ განვვითარდე, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად“.
ჯერჯერობით, სურათში „X-ადამიანები:აპოკალიფსი“ ჰიუ ჯეკმანის მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ის თავის პერსონაჟს ფილმში „სამურავი 3“ კვლავ დაუბრუნდება. ამ სურათის პრემიერა 2017 წლის 3 მარტს არის დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები