რეჟისორმა ასიფ კაპადიამ სურათის “ალი და ნინო” გადაღება დაიწყო, რომელიც ყურბან საიდის წიგნის ეკრანიზაცია იქნება. სცენარი ქრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა. პროდუსერი კი კრის თაიკიერია.
რაც შეეხება მთავარ როლებს, ალისა და ნინოს ადამ ბაკრი და მარია ვალვერდე განასახიერებენ. ფილმში მონაწილეობას მენდი პატინკინი და კონი ნილსენიც მიიღებენ. ისინი ნინოს მშობლებს – გრეგორ და თამარ ყიფიანებს განასახიერებენ. სურათში, ასევე, იხილავთ: რიკარდო სკამარსიოს, ჰომეიუნ ერშადის, ფახრადინ მანაფოვს, ასაად ბუაბს, ნუმენ აკარსა და ჰალიტ ერგენცს.
ალი ხანი და ნინო ყიფიანი ბაქოში, აზერბაიჯანში ცხოვრობენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ადგილი განსხვავებულ კულტურათა ნამდვილი შენადნობია. ალი მაჰმადიანია, ნინო კი – ქართველი ქრისტიანი, რომელიც ევროპისაკენ მიისრაფის. მათ ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ. ალის ნინოს ცოლად მოყვანა სურს და არაფრად აგდებს კულტურულ და რელიგიურ განსხვავებებს. თუმცა, ეს მათი ერთადერთი პრობლემა არ არის. გარდა იმისა, რომ მშობლების წინააღმდეგობა უნდა დაძლიონ, ისინი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაშიც უნდა ჩაერთონ და საკუთარი სიყვარული და სურვილები დროებით დაივიწყონ. – ასეთია სიუჟეტი წიგნისა, რომელიც საიდმა 1937 წელს გამოსცა. ის უკვე 33 ენაზეა ნათარგმნი.
მასალის გამოყენების პირობები