სტივენ სპილბერგის ახალ გახმაურებულ ფილმს სახელი დაარქვეს! უკვე საკმაოდ დიდი ხანია, სურათს “ცივი ომის უსათაურო თრილერად” მოიხსენიებენ. დღეს კი პროდუსერმა მარკ პლატმა გვაცნობა, რომ ნამუშევარს “ჯაშუშთა ხიდი” ერქმევა! სახელი დაკავშირებულია ბერლინის ხიდთან, რომელიც ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ტყვეების გასაცვლელად გამოიყენებოდა.
ჯოელ და ეთან კოენების სცენარის მიხედვით გადაღებულ დრამაში მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. სიუჟეტი მოგვითხრობს ჯეიმს დონოვენის ნამდვილ ამბავს. საუბარია ადვოკატზე, რომელიც ცივი ომის პერიოდში CIA-ის საიდუმლო სამსახურში მუშაობდა.
სასიამოვნო და ნამდვილად აღსანიშნავი ინფორმაციაა ისიც, რომ ახალ ფილმს მუსიკალურად ჯონ უილიამსი გააფორმებს! ეს მისი და სპილბერგის რიგით 27-ე თანამშრომლობა იქნება.
“ჯაშუშთა ხიდში”, ტომ ჰენკსის გარდა, ემი რაიანი, მარკ რაილენსი, ალან ალდა, ოსტინ სტოუელი და ბილი მაგნუსენი მიიღებენ მონაწილეობას. სურათის პრემიერა კი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები