ლიძავას მკვიდრის, საიდ გოჭუას თქმით, იმის გამო, რომ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო კონტროლი არ ხორციელდება, თევზჭერამ მათ აკვატორიაში სტიქიური და ბრაკონიერული ხასიათი მიიღო. "ჩემი და თქვენი ხელმძღვანელი ჩინოვნიკების უქნარობის გამო ეკოლოგიას სერიოზული ზიანი ადგება, ფლორა და ფაუნა ნადგურდება და იღუპება, თევზის რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტები ნაპირებზე გადმოდის ” - განუცხადა აფხაზურ გამოცემებს გოჭუამ.
მან ჟურნალისტების მეშვეობოთ, ბიჭვინთისა და ლიძავას მოსახლეობის სახელით კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, აფხაზეთის ნაპირებზე უცხოური თევზსაჭერი გემებისთვის თევზჭერის ნებართვის გაცემა შეწყვიტოს. "ჩვენი სანაპიროს სისუფთავე პირდაპირ აისახება ჩვენს შემოსავალზე. სწორედ იმაზე, რომლისგანაც ტურისტული სეზონის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შედის.” - აღნიშნა საიდ გოჭუამ.
განცხადებას იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში თევზჭერის პროცესი სტიქიურ და ბრაკონიერულ ხასიათს ატარებს, უსაფუძვლოს უწოდებს დე ფაქტო აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან სოლომკო. მან „სპუტნიკ აფახაზიას“ განუცხადა, რომ ის თევზსაჭერი გემები, რომლებიც აფხაზეთის აკვატორიაში ახორციელებენ თევზჭერას, სასაზღვრო, საპორტო და საბაჟო უწყებების წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისიის მკაცრ კონტროლს გადიან. სოლომკოს თქმით, დე ფაქტო აფხაზეთის საწარმოები, საკუთარი ფლოტის უქონლობის გამო, იძულებულნი არიან უცხოური თევზმჭერი გემები დაიქირავონ. ეკოლოგი თვლის, რომ ქაფშიას სამრეწველო მიზნით თევზჭერა ვერ დაარღვევს აფხაზეთის აკვატორიის ეკოლოგიურ ბალანსს. ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, თევზჭერის სეზონზე აფხაზეთის აკვატორიაში დაახლოებით 110 ათასი ტონა ქაფშია (ხამსა) შედის, რომელთაგან ხოლოდ 40 %-ს დაჭერაა ნებადართული.
მასალის გამოყენების პირობები