მსახიობი სელმა ჰაიეკი ფრანსუა-ანრი პინოს ოფიციალური მეუღლეა. პინოს ქონება 11.5 მლრდ დოლარია. "ფორბსის" მდიდარი ადამიანების სიაში 67-ე ადგილზეა. სელმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს, პროფესიას არ ღალატობს. წყვილი რამდენჯერმე დაშორდა და შერიგდა. 2007 წლის შემოდგომაზე მსახიობმა გოგონა ვალენტინა პალომა გააჩინა. ზაფხულში კი წყვილი დაშორდა, მაგრამ ცოტა ხანში შეყვარებულები ისევ შერიგდნენ და 2009 წლის 25 აპრილს ვენეციაში მდიდრული ქორწილი გადაიხადეს.
მწერალი მაკენზი ბეზოსი ინტერნეტ-მაღაზიის Amazon.com-ის დამფუძნებლის, ჯეფრი ბეზოსის ცოლია. მისტერ ბეზოსის ქონება 25,2 მლრდ დოლარია და "ფორბსის" მდიდარი ადამიანების სიაში მე-19 ადგილს იკავებს. თავად მაკენზი კი სამ ბიჭსა და გოგონას დამხმარეს გარეშე ზრდის. ამასთანავე, რომანებს წერს. მაკენზი და ჯეფრი გაცნობიდან 3 თვეში დაქორწინდნენ. გამდიდრებამდე ოროთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და რადგან ავეჯის ფული არ ჰქონდათ, ჯეფრიმ წიგნების თაროები თავად დაამზადა.
ბიოტექნოლოგი და კომპანია 23andMe-ის (იკვლევს ადამიანის გენეტიკას) მფლობელი ანა ვოიციცკი Google-ის თანადამაარსებლის, სერგეი ბრინის ცოლია. ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. მომავალი მილიარდერები - სერგეი და ლარი პეიჯი სამუშაოსთვის ანას დის ავტოფარეხს ქირაობდნენ. მოგვიანებით Google-მა ანას კომპანიის გასაფართოებლად 3,9 მლნ დოლარი გაიღო. წყვილს 2008 წელს ბიჭი, ხოლო 2012 წელს გოგონა შეეძინა.
მსახიობი, მოდელი, ტელეწამყვანი და "მის უკრაინა 2004" - ალექსანდრა ნიკოლაენკო 26 წლის იყო, როცა 72 წლის ამერიკელი მილიარდერი ფილ რაფინი გაიცნო. რაფინი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაშია. ახლა ალექსანდრა უკრაინაში კეთილი ნების ელჩია, მონაწილეობს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და კულტურულ აქციებში. სამშობლოში მეუღლესთან ერთად საკუთარი თვითმფრინავით ჩადის. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ავსტრალიის უმდიდრესმა ადამიანმა ჯეიმს პარკერმა მოდელ და მომღერალ ერიკა ბაკსტერზე 2007 წლის ივლისში იქორწინა. საქორწინო ცერემონია 5 მლნ დოლარი დაჯდა. წყვილს სამი შვილი - ორი გოგონა და ერთი ვაჟი - ჰყავს. ჯეიმს პარკერის ქონება 5,21 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
სლოვაკმა მოდელმა მელანია კნაუსს-ტრამპმა კარიერა 16 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად მისი ფოტო Sports Illustrated-ის ყდაზე დაიბეჭდა. სლოვაკეთში არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გოგონა ნიუ-იორკში გაემგზავრა. მონაწილეობდა სარეკლამო რგოლებში, სხვადასხვა შოუში, მათ შორის - ოპრა უინფრის. მისი ფოტოები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალის ყდებზე. 2005 წელს მელანიამ დონალდ ტრამპი გაიცნო, შეუყვარდა და მისთხოვდა. მამაკაცი მასზე 24 წლით უფროსია. 2006 წელს წყვილს ვაჟი გაუჩნდა.
ვენდი დენგი რუპერტ მერდოკის მესამე ცოლია. "ფორბსის" მონაცემებით, უმდიდრესი ადამიანების სიაში მერდოკი 106-ე ადგილზეა და 8,3 მლრდ-ს ფლობს. მეორე ცოლს, ანა ტორვს განქორწინებაში 1,2 მლრდ დოლარი გადაუხადა და 37 წლით უმცროს ვენდი დენგზე იქორწინა. წყვილი მანჰეტენზე ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. გათხოვებამდე ვენდი ჰონგკონგში რუპერტის ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობდა. შემდეგ იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. ახლა წარმატებული ბიზნესვუმენია, - მერდოკის კომპანიის სერიოზულ პროექტებს ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები