ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფის” ინფორმაციით, The Google Shop, სწორედ ასე ჰქვია ინტერნეტ გიგანტის პირველ ოფლაინ მაღაზიას, რომელიც ლონდონში, ტოტენჰემის რაიონში გაიხსნა. მაღაზიაში ”გუგლის” ბოლო პერიოდში გამოშვებული გაჯეტები - სმარტფონები, პლანშეტები, Сhrombook-ის ნოუთბუქი და Chromecast-ის მოწყობილობები გაიყიდება და შეძენამდე, მაღაზიის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოსცადოს ისინი.
გარდა ამისა, მაღაზიაში განთავსებულია რამდენიმე დიდი ეკრანი, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ პლანეტის ნებისმიერ ნაწილში ”იმოგზაუროს” Google Earth-ის სერვისის მეშვეობით. დარბაზში ასევე განთავსებულია Doodle Wall-ი, რომელზეც მაღაზიაში შესულ მომხმარებელს შანსი ეძლევა ვირტუალური, ციფრული სპრეი-საღებავებით ”თავისებურად” მოხატოს Google-ის ლოგო, შედეგი კი სოციალურ ქსელებში გააზიაროს.
მაღაზიაში ასევე განთავსებულია Shadowbox, რომელიც მაღაზიის ვიტრინას წარმოადგენს.
მასში მონაცვლეობით იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა არტისტების ინსტალაციები. ამჟამად კი Shadowbox-ში რუბ გოლდბერგის მანქანაა გამოფენილი, სადაც Google-ის ლოგო ლონდონის ცნობილი ღირსშესანიშნაობებითაა აწყობილი.
მიმდინარე წელს ”გუგლი” კიდევ ორი ბრენდირებული მაღაზიის გახსნას გეგმავს ლონდონში და ორივე მაღაზია ისევე, როგორც ახლახან გახსნილი მაღაზია, სავაჭრო ცენტრ Currys PC World-ში იქნება განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები