პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სამართალდამცველებს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. "ქართული ოცნება" მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გააპროტესტეს. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გადაინაცვლეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავებიც.
დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვრა ოფისის მინები. მინის ჩამსხვრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
მასალის გამოყენების პირობები