პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში მომხდარ გუშინდელ ინციდენტს ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ქვეყანაში ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს.
"კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს.
ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდარღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე." - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები