კინოკომპანია Disney-მ ფილმის „მზეთუნახავი და ურჩხული“ გამოსვლის თარიღი დაასახელა. სურათის პრემიერა 2017 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იუწყება. ფილმში მთავარ როლს ემა ვოთსონი შეასრულებს. დენ სტივენსი ურჩხულის როლში მოგვევლინება, გასტონის როლს კი ლუკ ევანსი განასახიერებს. ფილმის რეჟისორად ბილ კონდონია დანიშნული.
კომპანიამ ფილმის ჩაშვების შესახებ 2013 წელს განაცხადა. 1991 წელს გადაღებული ვერსიისგან განსხვავებით, ახალ სურათს live-action-ს ფორმატში ცოცხალი მსახიობების მონაწილეობით, „კონკიას“ განახლებული ვარიანტის მსგავსად გადაიღებენ.
კლასიკური ევროპული ზღაპრის მიხედვით გადაღებული მულტფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული“ პირველი ანიმაციური ფილმი გახდა, რომელიც 1992 წელს „ოსკარების“ ცერემონიაზე „საუკეთესო ფილმის ‘ კატეგორიაში იყო ნომინირებული. საბოლოო ჯამში მულტფილმმა გამარჯვება „კრავთა დუმილს“ დაუთმო, თუმცა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოები მიიღო საუნდრეკისა და სიმღერისთვის.
მასალის გამოყენების პირობები