უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება სკანდალი დოლჩე და გაბანას გარშემო.
საქმე ეხება დიზაინერების მიერ მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც მათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს "სინთეტიკური" და "ხელოვნური" ბავშვები უწოდეს. "არანაირი ქიმიური შთამომავლობა და ნაქირავები საშვილოსნო, ცხოვრება ისე უნდა მიდიოდეს, როგორც მიდის. და არის რაღაცეები, რისი შეცვლაც არ შეიძლება",- ნათქვამია ინტერვიუში.
დიზაინერების განცხადებას მთელ მსოფლიოში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა ელტონ ჯონმა უარი თქვა მათ პროდუქციაზე და ყველას მოუწოდა იგივე გაეკეთებინა. დოლჩე და გაბანას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ელტონ ჯონის გარდა, რიკი მარტინი, შერი, ვიქტორია ადამსი, კორტნი ლავი და სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვნენ.
შეგახსენებთ, რომ ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდი, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ამჟამად ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა. განაყოფიერების პროცესის გამოკვლევისა და ადრეული ემბრიონული განვითარების მოდელირებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. 1978 წელს ინგლისში გამოყვეს ერთი კვერცხუჯრედი, საშვილოსნოს ღრუში გადაიტანეს ერთი ემბრიონი, რის შედეგადაც განვითარდა ორსულობა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის განყოფილებაში გაჩნდა მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვი - ლიზა ბრაუნი. დღეს მას უკვე თავისი შვილი ჰყავს, რომელიც ბუნებრივი გზით არის ჩასახული. ამ პრობლემაზე მსოფლიოს მრავალი კლინიკა მუშაობს და მეთოდი წლიდან წლამდე იხვეწება.
მასალის გამოყენების პირობები