რუბრიკები
ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში კომპანიებთან შეხვედრები გაიმართა
ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში ინტერესთა გამოხატვის მეორე ეტაპზე გადასულ კომპანიებთან განმარტებითი ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს.
ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ მიაწოდა. "მოგეხსენება, რომ დეკემბერში გამოვლინდა 7 საუკეთესო კანდიდატი იმ 12-დან, ვისაც ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადი ჰქონდა წარმოდგენილი. შვიდივე კანდიდატს დეკემბრის ბოლოს დაეგზავნა ხელშეკრულების პროექტი, რის თაობაზეც მათ შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები. ჩვენ ველოდებით, რომ 16 აპრილისთვის, ე.წ. მოკლე სიაში შემავალი კანდიდატები წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს. ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. განმარტებითი ხასიათის შეხვედრები, რომლის მიზანია, რომ მოხდეს ყველა კანდიდატთან გასაუბრება მათთვის საინტერესო საკითხებზე. ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს იმ სამინისტროების წარმომადგენლებს, რომელთაც შეხება აქვს ანაკლიის პროექტთან. ასევე შეხვედრების მიზანს წარმოადგენს მათი ადგილზე ჩაყვანა", - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, ოთხი კრიტერიუმია, რომლებსაც კომპანიები უნდა აკმაყოფილებდეს, ეს არის გარანტიის საფასური არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარისა, ხელშეკრულების პროექტზე თავიანთი წინადადებები, ტვირთების მოზიდვის გეგმა და პორტის კონცეფცია.
ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გადასული 7 კომპანიიდან 2, ან 3 კომპანიას, რომელთაც საუკეთესო წინადადება აქვთ, მაისის ბოლომდე შეარჩევს სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ამის შემდეგ მათთან გაიმართება რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები საუკეთესო წინადადებისა და იმ ერთი კომპანიის გამოსავლენად, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები