Google-მა ახალ ფინანსურ დირექტორად რუტ პორატი დანიშნა, რომელიც იგივე თანამდებობაზე მანამდე საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ში მუშაობდა.
„მოხარული ვარ მშობლიურ კალიფორნიაში დაბრუნებით და Google-თან შეერთებით“, - განაცხადა 57 წლის პორატმა. მან 28 წელი იმუშავა Morgan Stanley-ში და იქიდან აპრილში წამოვა. Bloomberg-ი, რუტ პორატს, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად ასახელებს Wall Street-ზე.
7 წლის წინანდელი კრიზისის დროს, რუტ პორატი ფინანსურ პრობლემებს უწყვეტდა Morgan Stanley-ის, რომელსაც, რაღაც მომენტში, $107.3 მლრდ-ის სესხება მოუწია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკიდან და ასევე აქციათა 20%-ის გაყიდვა ერთ დღეში. ერთ-ერთ ინტერვიუში მაშინ რუტ პორატმა განაცხადა, რომ Morgan Stanley-მ საკმარისი ნაღდი ფული და სწრაფად გაყიდვადი მაღალლიკვიდური აქტივები დააგროვა, რომ მთელი წელი გადაიტანოს ფინანსური გაურკვევლობა.
Google-ში კი ახალი ფინანსური დირექტორის წინაშე სულ სხვა პრობლემა დგას. 2014 წლის ბოლოს, კომპანიის ნაღდი ფულის მარაგმა $67.5 მლრდ შეადგინა და ამ ფულის ძირითადი ნაწილი უცხოური ბანკების ანგარიშებზეა. პორატმა უნდა შეძლოს, რომ ამ ფულს აქციონერების სასარგებლოდ მუშაობა დააწყებინოს. საქმე იმაშია, რომ სხვა IT-კომპანიების ყიდვა Google-თვის არც ისე ადვილი იქნება: ყველა ასეთი გარიგება მოითხოვს თანხმობას სხვადასხვა ქვეყნების ანტიმონოპოლიური სამსახურებისგან. აქციონერებისთვის დივიდენდების გადასახდელად, კი ამერიკული კომპანია ვალდებულია ფული უცხოური ბანკების ანგარიშებიდან ამერიკაში დააბრუნოს და ამ ფულზე 35%-იანი გადასახადი გადაიხადოს.
მასალის გამოყენების პირობები