საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ეწვევა და ბიზნესმენებს შეხვდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია 14:00 საათზე ანაკლიაში გაიმართება.
სამეგრელოში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრი ხობში თხილის საწარმოს დაათვალიერებს და ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის რეგიონულ ოფისს გახსნის.
რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები