ზუგდიდში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სოფელი დაზარალდა. გამგებლის პრესამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძლიერმა ქარმა სახურავი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ რამდენიმე ობიექტს და 7 კერძო სახლს გადახადა. ასევე დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სოფელ ჩხორიის გამგეობის სახურავი.
"ძლიერი ქარის გამო დაზიანებულია და სახურავის ნაწილი ახდილი აქვს დევნილთა ჩასახლებებს სოფლებში: ოდიში, ოქტომბერი და რუხი. ასევე, დაზიანებულია ჭითაწყარისა და ონარიის საერთო საცხოვრებლები. წაქცეულია ხეები და ელექტოენერგიის ბოძები, რის გამოც დაბალი ზონის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემების აღმოსაფხვრელად "ელექტრო-პრო ჯორჯიასთან" ერთად, გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური ინტენსიურად მუშაობს", - განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბარში ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა და ზარალის ზუსტი ოდენობა, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები