ქართველი მსახიობი, კოტე თოლორდავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ფილმში "ვინ მოკლა ილია" მთავარ როლს ასრულებდა. ფილმის სატელევიზო პრემიერა, დღეს 21:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შედგება.
მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი კოტე თოლორდავამ შეასრულა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმში მონაწილეობა გოგი ქავთარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, პაატა მხეიძემ, ირაკლი ჩოლოყაშვილმა, ზაზა იაქაშვილმა და სხვებმა მიიღეს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მუსიკალურად ნიაზ დიასამიძემ გააფორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - "ვინ მოკლა ილია..." გადაღება შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2013 წელს დაიწყო.
ფილმის ავტორების მიზანი იყო 1907 წლის 12 სექტემბერს საბედისწერო მოვლენების განვითარების არამხოლოდ მხატვრული ხერხებით ჩვენება. საზოგადოება ფილმის ხილვისას ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნობა, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული.
წყარო: ipress.ge
მასალის გამოყენების პირობები