ფოთის მუნიციპალიტეტში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.
რეაბილიტირებული კორპუსები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
32 კორპუსის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის თხოვნით საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 382 657 გამოყო, რათა 1168 ოჯახს წინა ხელისუფლების პირობებში უხარისხოდ აშენებული კორპუსების შედეგად არსებული პრობლემები მოგვარებოდა.
უხარისხო მშენებლობის გამო საცხოვრებელი კორპუსების კედლები მუდმივად სველდებოდა, საძირკველში კი წყალი დგებოდა, რაც მოსახლეობისთვის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ქმნიდა. საძირკველში არსებული წყალი კი კორპუსის მთლიანად დანგრევის საფრთხეს წარმოადგენდა. რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნული პრობლემები სრულად არის აღმოფხვრილი. ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 32 ახალი კორპუსის გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა. პროექტის დასრულების შედეგად აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ 1168 ოჯახს სრულად მოუწესრიგდა არსებული პრობლემები. სამუშაოებზე 135 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან 65 ადგილობრივი მცხოვრები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა კომპანია შპს "ჯავამ" განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები