გირშპრუნგის დაავადებით დასნებოვნებული ირაკლი ცაავა გალის რაიონის სოფელ ხიაცხაში (ჭუბურხინჯი), საქართველოსთან საზღვრის მიღწევამდე გარდაიცვალა, ამის შესახებ "სპუტნიკ აფხაზიას" დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
განცხადების თანახმად, 2002 წელს დაბადებული, გირშპრუნგის დაავადებით დასნებოვნებული, გალის რაიონის, ლადა-ბიარგიაპში (ზემო-ბარღებში) მცხოვრები ირაკლი ცაავას, დაბადებიდან მესამე დღეს, ოპერაცია თბილისში ჩაუტარდა. 2002 წლიდან მას თბილისსა და ზუგდიდში ექიმი -პროქტოლოგები აკვირდებოდნენ. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებისთვის დახმარების მიზნით, ცაავას ოჯახს არ მიუმართავს. ბავშვის დაავადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა არც იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ირაკლი ცაავა სწავლობდა, არც ზემო ბარღების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
„მის მშობლებს არც ერთხელ არ წარუდგენიათ არც აფხაზეთის და არც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ დახმარებისთვის არ მიუმართავთ არც ლადა-ბიარგიაპის (ზემო-ბარღები) სამედიცინო ამბულატორიისა და არც გალის ცენტრალური საავადმყოფოსათვის, გარდა 4 მაისის 2015 წლისა”, — განცხადებაში მოყვანილია გალის რაიონის მთავარი ექიმის გიორგი შონიას სიტყვები.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სოფელ ზემო ბარღებში 4 მაისს, დილის 6:45 სთ-ზე გამოიძახეს, ბავშვი გალის რაიონის საავადმყოფოში დილის 7:30 სთ-ზე მიიყვანეს, სადაც ის მორიგე ექიმმა გასინჯა. პაციენტის მდგომარეობა განისაზღვრა, როგორც უკიდურესად მძიმე.
"ირაკლი ცაავას მშობლებმა შვილის თბილისში ტრანსპორტირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს თუმცა, გზად, 11:55 სთ-ზე ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და კრიტიკული გახდა. მას სარეანიმაციო ღონისძიებები 20 წუთის განმავლობაში უტარდებოდა. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა 12:15 წუთზე, 4 მაისს სოფელ ხიაცხაში (ჭუბურხინჯი) თანმხლებმა მედიკოსებმა სიკვდილის კონსტატირება მოახდინეს", — ნათქვამია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამშაბათს, 2015 წლის 5 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც შეშფოთება გამოთქვა „აფახაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების გამო, რომელთა შედეგად დაიღუპა გალის რაიონის მცხოვრები 13 წლის ირაკლი ცაავა".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მაისს ირაკლი ცაავას მშობლები მოზარდის გადაყვანას ცდილობდნენ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად. საქართველოს საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ "საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა" აღკვეთეს ეს მცდელობა, რამაც ბიჭის სიკვდილი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები