სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობამ თხილის განვითარების სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა. როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 15 მაისს აღნიშნულის ფარგლებში, ანაკლიაში ბიზნეს ფორუმის ჩატარებაც იგეგმება. “თხილმა გასულ წელს ღვინის ექსპორტს გაასწრო, რამაც ჩვენ სერიოზულად დაგვაფიქრა და უკვე შევიმუშავეთ თხილის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ჩვენ გვექნება ბიზნეს ფორუმი ანაკლიაში 15 მაისს, რაც 2-3 წლის მანძილზე გაორმაგების საშუალებას მოგვცემს. გვაქვს ამბიცია გავხდეთ მეორე თხილის ექსპორტიორი 5 წლის მანძილზე. 183 მილიონის არის თხილის ექსპორტიდან შემოსული და 180 იყო ღვინო. ამიტომ ეს გახლავთ პრიორიტეტული მიმართულებები”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
15 მაისს ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში თხილის დარგის მესვეურთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელიც 13 საათზე დაიწყება. ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში თხილის დარგის და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის.
ფორუმში მონაწილეობას თხილის ბიზნესში ჩართული ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.
აღნიშნული ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის (EBARD) ფარგლებში ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამ“-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები